ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს - 28 კოვიდინფიცირებული და ყველას მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ ერთი პაციენტი, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზ იმყოფება, მაგრამ მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკითაა.
„დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ვაკვირდებით, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხებს და იმედია, რამდენიმე დღეში ყველა დატოვებს კლინიკას. ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა. 28-დან მხოლოდ ერთი ითვლება მძიმედ, დანარჩენი 27-თან პრაქტიკულად არანაირი კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. გავწერეთ 4 და დღეს ველოდებით 11 პირველად პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა რატიანმა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.