რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 30 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს. კლინიკიდან 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა. საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გვიან ღამით სტაციონარში მიიღეს ერთი პაციენტი, რომელიც მარნეულიდან არის გადმოყვანილი. დანარჩენ პაციენტებთან შედარებით მძიმეა ერთის მდგომარეობა, რომელსაც სერიოზული პნევმონია აქვს. ასევე კრიტიკული რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა, თუმცა ამ დროისთვის ის კრიტიკულად სტაბილურია.

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობას. სტაციონარიდან გაეწერა 5 ადამიანი, აღებულია 7 განმეორებითი ტესტი. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. კლინიკაში კორონავირუსზე მკურნალობს ასევე 3 ორსული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 45 პაციენტი იმყოფება. სტაციონარში ერთი კრიტიკული პაციენტია, რომელსაც ორმხრივი მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა ოდნავ დასტაბილურდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.