ქართველი ექიმი გიორგი მიქელაძე: სახლში ჯდომა ვირუსს არ კლავს, ეს დიდხანს გაგრძელდება და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გადამდებობა შემცირდეს

ქართველი ექიმი გიორგი მიქელაძე: სახლში ჯდომა ვირუსს არ კლავს, ეს დიდხანს გაგრძელდება და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გადამდებობა შემცირდეს

სახლში ჯდომა ვირუსს არ კლავს, ეს საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდება. ამას უნდა შევეგუოთ, და რაც მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ ვირუსის გადამდებობა შემცირდეს - ამის შესახებ „იმედზე“, გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაფრის ნელ-ნელა გახსნის ფონზე ვირუსის გავრცელების მიმართ მოდუნება დაუშვებელია, ბოლომდე ამ ვირუსზე არავინ არაფერი იცის და ერთგვარი სიურპრიზებიც მოსალოდნელია. „ვირუსი არ მომკვდარა, არსად არ წასულა, ვირუსი ისევ აქ არის, შეიძლება გადამდებობა შემცირდა ჩვენი მოქმედებების შედეგად, მაგრამ ვირუსი აქ არის. თუ ყველაფერი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, როგორიც იყო ვირუსის გაჩენამდე, იგივეს მივიღებთ. რამდენიმე რამ უნდა მოხდეს - ან უნდა გამოჩნდეს წამალი და ვაქცინა, ან იმდენი ადამიანი გახდეს ავად, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავონ ადამიანებმა. ესეც საკითხავია, ჯერჯერობით, რამდენად ძლიეირ იმუნიტეტი შეიძლება გამომუშავდეს. ამის შემდეგ ვირუსი უნდა მოკვდეს, მაგრამ იმისთვის, რომ ვირუსი მოკვდეს, მარტო აშშ-ში ის ორასმა მილიონმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს.“ - მიიჩნევს ქართველი ექიმი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა მილიონ-ნახევარზე ავიდეს, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. გიორგი მიქელაძის თქმით, მხოლოდ 2018 წელს აშშ-ში გრიპის ვირუსით 62 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

„ჩვენ რომ ის ზომები გაგვეტარებინა, რასაც დღეს ვატარებთ, დისტანცია და ა.შ. ადამიანების დიდი ნაწილი არ მოკვდებოდა. მაგრამ საზოგადოება თვლის, რომ ალბათ ამ 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს იმად, რომ უამრავი სხვა შეწუხდეს, რაღაცები დაიკეტოს და ა.შ. საზოგადოება რაღაც ფასს ადებს საბოლოოდ - ამდენის გადახდა გვიღირს, ან ამდენის გადახდა ამაში არ გვიღირს. რამდენი ადამიანი იღუპება მსოფლიოში წამლების ან საკვების ნაკლებობის გამო; რომ გადაიხადოს განვითარებულმა საზოგადოებამ ფული, ეს ადამიანები გადარჩებიან. მაგრამ ასე არ ხდება, ეგოიზმსაც შეიძლება დავაბრალოთ, ჩვენი თვისებაა, ადამიანების, რომ რაც შორსაა, ჩვენ არ გვეხება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მარტივად რომ ვთქვათ, ფასი უჩნდება ყველაფერს და ეს ფასიც ხალხის გადასაწყვეტია - ამაზე წასვლა უნდათ თუ არა,“ - მიიჩნევს გიორგი მიქელაძე .