ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ. ვირუსი არის, ის არსად გამქრალა. ამიტომ ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ ის შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ვირუსი შემობრუნდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.