„ჩემს აზრს გეუბნებით, თუ ვერ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება და ჩავარდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია, მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თუმცა, მისი თქმით, ქვეყნისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა, რომ ცვლილება განხორციელებულიყო. „ამერიკის საელჩოს განცხადებაში ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. რა მითითებაც ჰქონდათ მიცემული, ოპოზიცია უნდა მიხვდეს რაზე იყო საუბარი იმ განცხადებაში“, - აღნიშნა კალაძემ.
თავად კალაძე, საპარლამენტო არჩევნებში რაიმე ფორმით მონაწილეობას გამორიცხავს.
„ქალაქის მერი ვარ და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, ძალიან დიდი ვალდებულება ქალაქის და თბილისელების წინაშე და ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი“, - განაცხადა კალაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.