მექსიკაში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

მექსიკაში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

მექსიკაში 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 409 შემთხვევა აღრიცხეს. ეს ქვეყანაში ვირუსის გამოვლენის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი ეპიდემიოლოგების განმარტებით, „ახლა ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღის ყველაზე მწვავე პერიოდია“.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ფონის გამო, სამთო, სამშენებლო და საავტომობილო ინდუსტრიის დარგებზე ნაწილობრივ მოხსნიან არსებულ შეზღუდვებს. იგეგმება აშშ-ის საზღვართან მდებარე ქარხნების ამუშავებაც.

სულ მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 40 ათასზე მეტი შემთხვევაა დადგენილი. აპრილის ბოლოს მექსიკელმა სამედიცინო მუშაკებმა განაცხადეს, რომ უწევდათ პაციენტების სახლში გაშვება იმის გამო, რომ არ გააჩნდათ საკმარისი აღჭურვილობა მათ სამკურნალოდ. მაისის დასაწყისში მექსიკამ აშშ-ისგან 200-ზე მეტი სასუნთქი აპარატი შეიძინა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალ კორონავირუსს 300 074 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.