"ვირუსი ისევ მობრუნდება" - პაატა იმნაძე კიდევ ერთ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს

“კორონავირუსის გავრცელების მხრივ, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჩვენს ქვეყანას ვირუსი არ დაუმარცხებია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ "2020NEWS"-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, დიდი ალბათობით, კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე ან ზამთარში იფეთქებს, ამიტომ მოსახლეობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დაიცვას.

“ვირუსი არ დაგვიმარცხებია. მას ახლა ერთ ბრძოლას ვუგებთ, ომი გრძელდება. დიდი ალბათობით, ვირუსი მობრუნდება. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივი და კონტროლირებადი იქნება", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, თავდაპირველად ვაქცინას მსურველები გამოიყენებენ.

“ჯერ ვაქცინა შეიქმნას, მერე მსურველების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს", - აცხადებს პაატა იმნაძე.

საქართველოში რამდენიმე დღეა, რაც კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახალ შემთხვევათა რიცხვს უსწრებს. დღევანდელი მონაცამებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 638 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ამ ეტაპზე გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, 11-ის შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.