არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება" ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას

პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსი სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლონ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი.

,,უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება. „ქართული ოცნება" ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსი სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლონ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და იგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ. თქვენ კარგად გახსოვთ ეს", – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.

„როგორც მოგეხსენებათ, ამგვარ განცხადებებს ყოველ ჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ჩვენ ყოველ ჯერზე ვპასუხობდით მათ განცხადებებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის. უგულავას და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისათვის. მეტიც, ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ, ნინო ბურჯანაძემ და სხვებმაც ოპოზიციიდან. ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია", – განაცხადა თალაკვაძემ.