არჩილ თალაკვაძე მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვს, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს

არჩილ თალაკვაძე მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვს, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიაცთან გამართული მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტის შეთანხმების შინაარსს და საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას განთავისუფლების ვალდებულება. ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, და იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს.

„ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს. კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას განთავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში“, - განაცხადა თალაკვაძემ.