მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელების მხრიდან, რომ ამ პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საგანი- - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ამგვარ განცხადებებს ყოველ ჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
„ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე 3 დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ბატონებმა უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის. უგულავას და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისათვის, მეტიც, ბატონებმა ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა, მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს ბატონმა დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ასევე სხვა პოლიტიკოცებმაც ოპოზიციიდან“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
მისი თქმით, ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.
„ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან ,,ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს, თუმცა ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა, კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის მიმართ გამოირჩევა. რადიკალური ოპოზიციის მუდმივი მცდელობა, პოლიტპატიმრებად და პოლიტდევნილებად წარმოაჩინონ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და სხვები, სრულიად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში“-განაცხადა თალაკვაძემ.