"თუ დროზე ვერ ავლაგმეთ სამართლებრივად ჩვენი სამშობლოსათვის "სოფლის მაოხრებელი გზირი," საქართველო კვლავ ჩაიძირება, როგორც ეს 1990 - იან წლებში იყო, სისხლიანი დაპირისპირების მორევში:

„პოლიტიკური და დიპლომატიური უწიგნურობა არახალია ჩვენში, მაგრამ ცოტა ხომ უნდა იფიქრო ადამიანმა იმაზე, რომ ყველა სახელმწიფოს და მათ შორის საქართველოსაც უნდა გააჩნდეს ღირსება“ - წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი ელჩი უკრაინაში ზურა მარშანია.

"ქართული მედიის მთავარი თემა დღეს, კოვიდ-19 პანდემიის გარდა, სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნაა უკრაინაში. უფრო სწორედ კი ჩვენი მთავრობის ამ ფაქტზე რეაგირება. დავიწყებ ერთი საოცრებით. პოლიტიკურ და მედია წესრიგს საქართველოში დღეს, რატომღაც, ნაციონალური მოძრაობა ქმნის ევრონაცებთან ერთად. შესაბამისად, მედიაკომენტარებში ჭარბობს გაუგებარი ნარატივი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ზედმეტად ხისტი რეაქცია მისცა (იგულისხმება საქართველოს ელჩის კონსულტაციებისათვის გამოწვევა კიევიდან) პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე სააკაშვილის დასაქმების თაობაზე უკრაინის საჯარო სამსახურში და ეს, ვითომ და, დაუშვებელია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში.

მოვეშვათ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება და უკრაინის მხარემ პირველმა გადადგა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი ეს ნაბიჯი, ძებნილი და გასამართლებული სააკაშვილისათვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზების სახით. ტყუილების მანქანა როდის და ვისი პრეზიდენტობისას მოიქოქა ყველაზე მაგრად საქართველოში კარგად გვახსოვს, მაგრამ მაინც მაოცებს ნაციონალური მოძრაობისა და ევრონაცების მიერ  დაყენებული სიცრუის კორიანტელი სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, რატომ აიტაცა ასეთი  ენთუზიაზმით დღეს ბევრმა ჩვენმა მედია საშუალებამ.  პოლიტიკური და დიპლომატიური უწიგნურობა არახალია ჩვენში, მაგრამ ცოტა ხომ უნდა იფიქრო ადამიანმა იმაზე, რომ ყველა სახელმწიფოს და მათ შორის საქართველოსაც უნდა გააჩნდეს ღირსება, რის გარეშეც წარმოუდგენელია პატივისცემის მოპოვება საერთაშორისო სარბიელზე. ამიტომ ჩვენ მთავრობას უკრაინის მხარის ცინიკურ და დამამცირებელ გამოწვევაზე პასუხი რომ არ გაეცა, სწორედ ეს დააზიანებდა ყველაზე უფრო ჩვენს იმიჯს პირველ რიგში სხვა სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-სა და ევროკავშირის თვალში, განსხვავებით ჩვენი ადრინდელი მთავრობის ყოვლად მიუღებელი დუმილისა რამოდენიმე წლის წინ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პოროშენკოს გადაწყვეტილებაზე სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ.

არის სხვა პოზიციაც, რომელსაც სირაქლემისას დავარქმედი: "რა მოხდა მერე, დანიშნეს მიშა და დანიშნონ, ამის მეტი არაფერი  არ უნდა გვაწუხებდეს?" სწორედაც რომ უნდა გვაწუხებდეს მიშას ეს დანიშვნა და არა მარტო უკრაინის ხელისუფლების არამეგობრული ნაბიჯების გამო. რატომ? იმიტომ, რომ ბევრი ვერ აცნობიერებს სააკაშვილის დღევანდელი როლის საფრთხეს საქართველოსათვის. ვიმეორებ საქართველოს სახელმწიფოსათვის და არა ქართული ოცნებისათვის, რომელიც წლების განმავლობაში მშვენივრად გრძნობდა თავს ნაციონალებთან კოაბიტაციის პროცესში. დავიწყოთ იმით დღეს მიხეილ სააკაშვილი არის კლასიკური კონდოტიერი ანუ პოლიტიკური ავანტიურიზმით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სახის გამორჩენას ელის უცხო სახელმწიფოსაგან მის საჯარო ან სამხედრო სამსახურში საქმიანობით. სააკაშვილმა ამის მისაღწევად საქართველოს მოქალაქეობაც კი დათმო.

მაინც რა უნდა სააკაშვილს? ეს ნათელია ყველასთვის ვინც გაეცნობა უამრავ მის საჯარო განცხადებას. მიშა არ მალავს, რომ მისი მიზანია თანამოაზრეების/თანაპარტიელებისა და მხარდამჭერთა მეშვეობით დესტაბილიზაციის ორგანიზება საქართველოში და რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება (სხვა გზით მიშა ამას ვერანაირად ვერ შეძლებს). სააკაშვილი ასევე არ მალავს (ხშირად, მაგრამ ყოველთვის არა) იმასაც, რომ იგი აქტიურად გააგრძელებს, უკვე მაღალი რანგის უკრაინელი საჯარო მოხელის თანამდებობაზე აქტიურ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ოპოზიციის პირდაპირ (ნაცმო) ან არაპირდაპირ (ევრონაცები) მართვას, ნაცმოსთან აფილირებული პარტიებითა თუ პოლიტიკოსებით (ვაშაძის პარტია, გუბაზ სანიკიძე თუ სხვები) და მედია საშუალებებით (მთავარი არხი) მანიპულირებას, საბოლოო ჯამში გაუთავებელი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო  კრიზისების ინსპირირების მიზნით. მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. კეთილი ინებეთ ქალბატონო და ბატონო პარლამენტრებო  და სასწრაფოდ შეიმუშავეთ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კონდოტიერობაზე და მის მხარდაჭერაზე მკაცრი საპატიმრო სასჯელის დაწესების თაობაზე.

განსაკუთრებით მინდა გავუსვა მხარდამჭერების დასჯის აუცილებლობას. თავის დროზე, სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენთან შემოღებული იქნა სასჯელი ქურდული სამყაროს არა მარტო წევრობაზე, არამედ მხარდაჭერაზეც. ეს კანონი დღემდე წარმატებულად მუშაობს (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სააკაშვილსა და მსოფლიოს სხვა დიქტატორებსაც ბევრ ცუდთან ერთად, რაღაცა სასარგებლოც გაუკეთებიათ თავიანთი ქვეყნებისათვის).

დრო არ ითმენს პატივცემულო პარლამენტარებო. ბურთი თქვენ ნახევარზეა. თუ დროზე ვერ ავლაგმეთ სამართლებრივად ჩვენი სამშობლოსათვის "სოფლის მაოხრებელი გზირის" სახით მოვლენილი სააკაშვილი, საქართველო კვლავ ჩაიძირება, როგორც ეს 1990 - იან წლებში იყო, სისხლიანი დაპირისპირების მორევში."