ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირების ახალი შემთხვევები. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც იზომება ეპიდემიის შეკავების ღონისძიებების წარმატება.
„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს იქნება ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკურ-სოციალური ფუნქციების აღდგენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა - პანდემიის პირობებში საქართველომ აქაც დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყანაა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დიდი სამუშაო გასწიეს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებმა.
„ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და სხვა ყველა პროფესიონალის და მოკავშირე სამსახურების მიერ გაწეულმა სამუშაომ მოგვა იმის საშუალება, რომ საქართველო არის ასევე ერთ-ერთი პირველი, ვინც ეკონომიკური ფუნქციების გახსნა დაიწყო და მთავრობამ არამხოლოდ ანტიკრიზისული, არამედ პოსტკრიზისული გეგმაც წარმოადგინა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.