თენგიზ ცერცვაძე: თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება

თენგიზ ცერცვაძე: თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს არ არის საბოლოო წარმატება - ამის გათვალისწინებას ითხოვს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და აცხადებს, რომ ქვეყანამ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ამ ეტაპზე მიაღწია წარმატებას.

მისი განმარტებით, ახლა ვართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა იხსნება.

„თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და არ გაგვექცა სადავეები, პიკს, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, ექნება პლატოს სახე და მატება არ იქნება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული - თუ არ დავუშვით ისეთი შეცდომები, როგორც მოხდა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ქუბულეთის და ლენტეხის შემთხვევაში, სადაც 50-კაციანი სუფრა გამართეს, მე პირადად მგონია, რომ ორ ათეულზე მეტი არ იქნება და დავძლიეთ პირველი მძლავრი შემოტევა კოვიდინფექციის, მინიმალური დანაკარგით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.