თუ უკრაინაში ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ღიად ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთია, როდესაც სააკაშვილი ოპოზიციური „ნაცმოძრაობის" ლიდერის რანგში აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და სულ სხვა კონტექსტი იქნება, თუ იგივეს უკვე უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს.
„ეს ხიფათი დგას და საკმაოდ რეალურია იმიტომ, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დიდი სტაბილურობით არ გამოირჩევა და თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის ვითარებას გააუარესებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველომ უკრაინიდან თავისი ელჩი თბილისში კონსულტაციებისათვის გამოიწვია.
„ახლა ელჩს ვიწვევთ სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში ხელი შეგვიშალონ. ეს ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვინც ჩვენს ნაბიჯს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს, უნდა გააგრძელოს და თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველოს შეშფოთების გამოთქმისათვის ყველა საფუძველი ჰქონდა, თუმცა, ხელისუფლება კარგად ვერ ახსნა ამ შეშფოთების მიზეზი.
„თანამდებობა, რომელიც უკრაინაში მიხელ სააკაშვილს უკავია, მაინცდამაინც ოფიციალურ თანამდებობად არ ჩაითვლება, ყოველ შემთხვევაში ეს აღმასრულებელი ხელისუფლება არაა, თუმცა პრეზიდენტთანაა და გვინდა არ გვინდა, მაინც ხელისუფლებასთან ასოცირდება. ამიტომ მისი ჩარევა ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ მტკივნეული იქნება იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის (მეგობრის, მაგრამ მაინც უცხო ქვეყნის) წარმომადგენელი როდესაც სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ერევა, რბილად რომ ვთქვათ, ეს მიღებული არაა.
„როდესაც მას ვიცე-პრემიერად ნიშნავდნენ, მაშინაც ეს საფრთხე იდგა. მე საქართველოს ხელისუფლების მესმის, რომელმაც ეს ფაქტი გააპროტესტა, თუმცა მათ არსი უნდა აეხსნათ - რას აპროტესტებდნენ. ის, რომ უცხო ქვეყნის ვიცე-პრემიერი გამოვიდოდა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერეოდა, ეს მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანას სხვა ქვეყანამ გადაუწყვიტოს, თუ ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ - არა.
„ეს ხიფათი დგას და საკმაოდ რეალურია იმიტომ, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დიდი სტაბილურობით არ გამოირჩევა და თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, ეს რა თქმა უნდა ქვეყნებს შორის ვითარებას გააუარესებს. როდის იყო რომელიმე უცხო სახელმწიფო სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ღიად ერეოდა... ის, რომ ოპოზიციასთან შეხვედრები ხდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ღიად იწყებს ჩარევას, ეს ყოვლად მიუღებელია და ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს", - განცხადა ძაბირაძემ.