მიხეილ ხიდურელი ქვეყნის სამ პერსპექტიულ საინვესტიციო სექტორს ასახელებს

მიხეილ ხიდურელი ქვეყნის სამ პერსპექტიულ საინვესტიციო სექტორს ასახელებს

შეძლებს თუ არა ახალ წესრიგში თავისი ადგილის პოვნას საქართველო და რაზეა დამოკიდებული ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სექტორები, რომლებიც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება - გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა 3 სხვადასხვა სფერო დაასახელა.

მისი ინფორმაციით, პირველი მიმართულება არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. ამის მაგალითად მიხეილ ხიდურელი MAJOREL-ს ასახელებს. ეს უმსხვილესი გერმანული BPO (Business Process Outsourcing) კომპანიაა, რომელიც სერვისების დისტანციურ მიწოდებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენი სააგენტოს და სამინისტროს ძალიან აქტიური ხელშეწყობით, კომპანია სახლიდან და არა ოფისიდან, საქართველოში 1 300 კაცს დისტანციურად ასაქმებს. ეს კომპანია პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილებს არა თუ კარგავს, არამედ უკვე გამოცხადებული აქვს ასობით ახალი ვაკანსია. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებას აქვს მომავალი“,- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“.

„აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, პანდემიის პარალელურად სააგენტო განაგრძობს მუშაობას ამ დარგის სხვა მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით. მიხეილ ხიდურელი კიდევ 2 ახალ მიმართულებას ასახელებს.

„მეორე სექტორი, არის ელექტრონული და ელექტრული პროდუქტების წარმოება. ორგანულად გაიზრდება ელექტრონაწილებზე მოთხოვნა და ეს სექტორი ზუსტად ისეთია, რომლის წარმოებაც საქართველოში შეგვიძლია. ვინაიდან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობა მთავარია, სამედიცინო სექტორი იქნება მესამე მიმართულება, რომელსაც როგორც ადგილობრივად განვავითარებთ ასევე აუცილებლად შევეცდებით ინვესტორების შემოყვანას“,-განაცხადა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ მიხეილ ხიდურელმა.