გია ვოლსკი: დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება - რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს

გია ვოლსკი: დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება - რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს

დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას საპარლამენტო დიალოგთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას და შესაბამისად, მასთან დიალოგი შეკრების პირველივე დღეს დასრულდება.

„ეს ვიდეოხიდი იყო, ეს არ არის ოფიციალური განცხადება და სიტყვამ მოიტანა, თავისი „კეთილი ნება“ გამოაჩინეს. სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ეს თემა გაცილებით უფრო რთულია, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს. გინდა იმ საქციელიდან გამომდინარე, რასაც ბორდერიზაცია ჰქვია, ხალხის გატაცებები... თვითონ რუსეთის ფედერაციის განწყობა მხოლოდ ქართულ - რუსულ ურთიერთობებში არ არის ჩაკეტილი. მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დიალოგი დამთავრდება პირველივე დღეს, როგორც კი შევიკრიბებით. კოსაჩევმა ამ დიალოგთან დაკავშირებით თანამოაზრეებს გაუზიარა თავისი აზრი და პოზიტიურად ეცადა თავის წარმოჩენას. დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება და არამგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.