პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 11 პაციენტის განმეორებით პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 78 პაციენტი, აქედან 58 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს კლინიკიდან 1 გამოჯანმრთელებული ეწერება, კიდევ 11-ის განმეორებით პასუხს ველოდებით. რეანიმაციაში მყოფ 3 პაციენტთან კორონავირუსი არ დადასტურდა. გვყავს 2 ახალი პაციენტი, რომლებსაც პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, ველოდებით ლუგარიდან პასუხებს. საერთო ჯამში ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით 154 ადამიანი გვყავდა, აქედან 95 პაციენტი უკვე გაწერილია“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.