მარინა ეზუგბაია: თუ მაისს ახალი ინფიცრების ერთნიშნა ციფრებით გავივლით, ალბათ, ვიტყვით, რომ კორონავირუსი ყველამ ერთად გადავლახეთ

მარინა ეზუგბაია: თუ მაისს ახალი ინფიცრების ერთნიშნა ციფრებით გავივლით, ალბათ, ვიტყვით, რომ კორონავირუსი ყველამ ერთად გადავლახეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების დინამიკა კონტროლირებადია და შემთხვევების მატების ამ ტემპის შენარჩუნება ვირუსის დამარცხების წინაპირობა იქნება.

„როცა გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება, დინამიკაც ყოველთვის უკეთესია. ეს დასტურდება ბოლო ორი კვირის მონაცემებით - ასეთი მატებით ჩვენ მივიღეთ ახალი დადასტურებული შემთხვევების შემცირება. ეს თუ ასე შენარჩუნდება და მაისს გავივლით ერთნიშნა ციფრებით, ალბათ, ვიტყვით, რომ ის დაბრკოლება, რასაც COVID-19 ჰქვია, ყველამ ერთად გადავლახეთ. ვნახოთ, რა იქნება...“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ბოლო 24 საათის განმავლოვაში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ჯამში, ქვეყანაში COVID-19 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 459. ინფექციას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.