უხანის ბაზრობამ თავისი როლი ითამაშა ვირუსის გავრცელებაში, თუმცა არ ვიცით, რაში გამოიხატება ეს როლი, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სურსათის უვნებლობისა და ზოონოზური ვირუსების ექსპერტი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ჩვენ არ ვიცით, ბაზარი იყო ვირუსის წყარო, მისი გავრცელების ხელშემწყობი გარემო თუ უბრალოდ დამთხვევა, რომ ინფიცირების შემთხვევები ამ ბაზარსა და მის მიმდებარედ დაფიქსირდა“, - აცხადებს პიტერ ბენ ემბარეკი.
არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი მსოფლიოში სწორედ ჰუბეის პროვინციიდაან, უხანიდან გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 265,905-ს მიაღწია. ვირუსით სულ 3 848 994 ადამიანი დაინფიცირდა, 1 317 085 კი - გამოჯანმრთელდა.
პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (74 813) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრიტანეთი (30 076), მესამეზე კი - იტალია (29 684).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.