„ფონდი ქართუ“ 25 წელია საქმიანობს და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ დროისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს სხვადასხვა პროექტებში დახარჯული. ჩვენი პროექტები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს. მიუხედავად ამისა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის პროექტები, რაც გარემოსდაცვით სფეროში განვახორციელეთ. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ჩვენს დაცულ ტერიტორიებს. მაგალითად, ვაშლოვანს, ლაგოდეხს, თუშეთს... დღეს ჩვენი თბილისქალაქის დრო დადგა, - განაცხადა საერთაშორისო-საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგენის პროექტის პრეზენტაციისას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს დედაქალაქში სერიოზული პრობლემები გაუჩნდა. კლიმატური ცვლილებებისა და წინა პერიოდში არსებული, უმართავი ქალაქგეგმარებითი პროცესების გამო, სერიოზულ დეფორესტაციას აქვს ადგილი. ეს მისახედი პრობლემაა და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მოგვარებაში. იმისთვის, რომ სერიოზული და ქმედითი პასუხი გავცეთ არსებულ გამოწვევას, საჭიროა როგორც კერძო, ისე - საჯარო სექტორის სინერგია და ერთობლივი ძალისხმევა.
იგეგმება გიგანტური ტერიტორიის, დაახლოებით, 700 ჰექტრის ხელახალი გამწვანება და გაჯანსაღება. განხორციელდება უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაოები, დაირგვება ახალი, უფრო გამძლე, ენდემური ჯიშის ხეები და მცენარეების, რომელიც უფრო მედეგი იქნება კლიმატურ გამოწვევებთან. მომავალში ნებისმიერს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქესაც და სტუმარსაც, მიეცემა საშუალება, რომ დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით. ცხადია, სედეგი არ დადგება მალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები სამართლიანად და სწორად შეაფასებენ ჩვენს შრომასა და ძალისხმევას“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი „ფონდი ქართუა“. შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.