მარინა ეზუგბაია: PCR-ტესტების ცდომილება დიაგნოზის დასასმელად დამაბრკოლებელი არაა

მარინა ეზუგბაია: PCR-ტესტების ცდომილება დიაგნოზის დასასმელად დამაბრკოლებელი არაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, „ოქროს სტანდარტად“ წოდებული PCR-ტესტების 15%-იანი ცდომილება პაციენტის დიაგნოზის დასასმელად არაა დამაბრკოლებელი, ვინაიდან, ეჭვის შემთხვევაში, მისი გადამოწმება შესაძლებელია.

„ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს. PCR-ტესტის მგრძნობელობა ყველაზე მაღალი, 85%-ია. ამიტომაა, რომ მხოლოდ PCR-ტესტირება საკმარისი არაა. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება. თუ არსებობს პაციენტს ინფიცირების ეჭვი და ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, მისი გადამოწმება შესაძლებელია. ასე რომ, 15%-იანი ცდომილება დიაგნოზის დასასმელად დამაბრკოლებელი არაა. მისი კორექტირება შესაძლებელია სხვა კვლევებით. ამ ცდომილებას ფარავს ექიმის უნარ-ჩვევები და მისი პროფესიონალიზმი. ჟურნალისტებისთვის ეს სიახლე არაა. ამაზე ჩვენ სამი თვეა ვლაპარაკობთ. ეს არაა ახალი ინფორმაცია, ამიტომ დღეს ამაზე აქცენტირება მაინცდამაინც განსაკუთრებული მნიშვნელობის არაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, PCR-ტესტებთან შედარებით, სხვა ტესტები მხოლოდ დამხმარე საშუალებებია.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 446. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.