ამირან გამყრელიძე:  ანტივაქცინაციის გლობალურმა მოძრაობამ, რომლის მიმდევრები საქართველოშიც არიან, ვერ დაძლია საღი აზრი, რომ ვაქცინა მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა სამეულში შედის

ამირან გამყრელიძე:  ანტივაქცინაციის გლობალურმა მოძრაობამ, რომლის მიმდევრები საქართველოშიც არიან, ვერ დაძლია საღი აზრი, რომ ვაქცინა მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა სამეულში შედის

ანტივაქცინაციის გლობალურმა მოძრაობამ, რომლის მიმდევრები საქართველოშიც არიან, ჯერჯერობით ვერ დასძლია საღი, სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვაქცინასთან დაკავშირებით ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებების თაობაზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით, კაცობრობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი არ გამოუგონია.

„ვაქცინამ მილიონობით და ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. წარმოგიდგენიათ, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობდეს? - ის ხომ 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არ იყოს, რომელიც 90-იან წლებში, ყოველწიურად 500 ათას 5 წლამდე ბავშვს კლავდა, დღეს ეს რიცხვი უკვე 100 ათას ჩამოსცილდა. წარმოიდგინეთ, რომ პოლიომელიტი ყოველწლიურად 300-დან 4 ათასამდე ადამიანს კლავდა. დღეს პოლიომელიტი მარტო სამ ქვეყანაშია დარჩენილი. ეს ყოველივე პოლიომელიტის სავალდებულო აცრამ გააკეთა. ეს ანტივაქცინაციის გლობალური მოძრაობაა და ასევე არიან მისი მიმდევრები საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუმცა, ჯერჯერობით ამ მოძრაობამ ვერ დასძლია ის საღი სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში“,- განაცხადა გამყრელიძემ.