გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი მსოფლიოს მოუწოდებს დაასრულოს „სიძულვილისა და ქსენოფობიის“ ტალღა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სიძულვილს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.
„ვირუსს არ აინტერესებს ვინ ვართ ჩვენ, სად ვცხოვრობთ და რისი გვწამს. მიუხედავად ამისა, პანდემიის პირობებში გრძელდება სიძულვილის, ქსენოფობიის, ურთიერთბრალდებების და დაშინების ცუნამი. ამიტომაც მოგიწოდებთ, რომ გლობალურად შეწყვიტოთ სიძულვილის ენის გამოყენება... მე მოვუწოდებ ყველას, ერთად დადგნენ სიძულვილის წინააღმდეგ, ერთმანეთს პატივისცემით მოეპყრონ და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა სიკეთის გავრცელებისთვის“,- აცხადებს გუტიერესი მიმართვაში, რომელიც მის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.