ბოლო 24 საათის განმავლობაში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ცნობილია ყველა ახალი გამოვლენილი ინფიცირებულის წყაროები. მათგან ოთხი საკარანტინო სივრციდანაა, დანარჩენი - კონტაქტებიდან, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 446. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.