ნათია თურნავა: პირველივე ეტაპზე ტურიზმის სექტორს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ, რითაც 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა უკვე ისარგებლა

ნათია თურნავა: პირველივე ეტაპზე ტურიზმის სექტორს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ, რითაც 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა უკვე ისარგებლა

პრაქტიკულად არც ერთი თვე არ გასულა, ტურისტული ინდუსტრიისთვის რამე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა, -ა მის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, სადაც პრემიერმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული  გეგმას წარადგინა.

მინისტრის თქმით, პირველი ეტაპი მარტში იყო, რომელსაც სახელმწიფომ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი“ უწოდა, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია.

„უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდება შემდეგ თვეებში, ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა.

„ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება – როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80 პროცენტიანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე ზომის სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა. დღეის მონაცემებით, უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა სურვილი, რომ ესარგებლა ამ შეღავათით“, – აცხადებს ნათია თურნავა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ ასევე ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტეს მათგანისთვის საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა.