ტურიზმი გახლავთ ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი დარტყმა კრიზისის გამო და ჩვენ მაშინ, როდესაც აუცილებელი იყო ცეცხლის ჩაქრობა, შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკრიზისული ქმედების პირველი ნაბიჯი სწორედ ტურიზმთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, უახლოეს დღეების გეგმაშია ასევე სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და დეველოპმენტის, განათლების სფეროების მხარდამჭერი გეგმების პრეზენტაცია.
„შემდეგ აუცილებელი იყო უფრო ღრმა შესწავლა. ჩვენი შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ, ბიზნესისა და კერძო სექტორის, ეკონომიკის მხარდაჭერის, ისევე როგორც ცალკე, თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერის და გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც ვისაუბრებთ კონკრეტულად, ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვისა და მათი ნელ-ნელა ამოქმედების, ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკირიზისული გახსნისა და პოსტკრიზისული დახმარების ტურიზმის იქნება პირველი, შემდგომ რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ აუცილებელი იქნება მხარი დავუჭიროთ სოფელს, ფერმერს და შემდგომი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლისა და ფერმერის დახმარების შესახებ. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობისა და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარების და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და მეოთხე, მე ვსაუბრობ დაახლოებით ერთი კვირის გეგმაზე, მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და მათაც ზუსტად უნდა იცოდნენ, სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია განათლებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ტურიზმის შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობის სფერო.
„ორიოდ სიტყვით გითხარით გეგმა, რომელსაც მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში. დღეს ვიწყებთ ტურიზმით, შემდგომ გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობით და ფერმერებით, შემდგომ იქნება მშენებლობა და დეველოპმენტის მხარდაჭერა და შემდგომ იქნება განათლება“, – განაცხადა პრემიერმა.
მან განმარტა, რომ ეს არის პოსტკრიზისული გეგმის ეკონომიკის გახსნა და არა კრიზისული პერიოდი გეგმა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვსაუბრობთ პოსტკრიზისული გეგმის ეკონომიკის გახსნისა და ამოქმედების თაობაზე და არა კრიზისულის, როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და უკვე წარმოვადგინეთ თითოეული ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერის გეგმა, ისევე, როგორც კერძო კომპანიების სოციალური მხარდაჭერის გეგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.