თბილისის ინფექციურის აავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-19“-ით პაციენტის სამკურნალოდ, პლაზმაფერეზის გამოყენების პრაქტიკაში დანერგვა დინამიკაში მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.
ეზუგბაიას თქმით, იმედი აქვთ, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური იქნება და კრიტიკული პაციენტების მართვაში დაეხმარებათ.
„პლაზმაფერეზთან დაკავშირებით ბატონმა თენგიზმა გააკეთა გუშინ განცხადება. ეს განცხადება და სრული ინფორმაცია დევს ჩვენი ცენტრის გვერდზე. ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია, ზედმიწევნით კარგად გაეცნოს.
ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება. ეფექტურობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ალბათ ეს ეფექტური იქნება და დაგვეხმარება ასეთი მძიმე, კრიტიკული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ.