გურამ ნიკოლაშვილი: ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რუსულ ალგორითმს დაუფიქრებლად იყენებს

გურამ ნიკოლაშვილი: ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რუსულ ალგორითმს დაუფიქრებლად იყენებს

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი მიიჩნევს რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რუსულ ალგორითმს იყენებს.

„დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება და ქვეყნის სისტემების მიმართ უნდობლობის დათესვა რუსული პროპაგანდის ალგორითმია, რომელსაც იგი  ჰიბრიდული ომის საწარმოებლად იყენებს. ვინ გამოიყენა ზუსტად ეს ალგორითმი საქართველოში პანდემიის გავრცელების პირობებში?  ფიქრობთ, რომ ამით ისარგებლეს ღიად პრორუსულმა ძალებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში რუსეთის პროპაგანდის გამავრცელებლების სახელით მოხსენიებულმა ორგანიზაციებმა თუ რუსული რბილი ძალის აგენტებმა?  იქნებ ეგრეთ წოდებულმა მეხუთე კოლონამ?  საბოლოო ჯამში ყველა ეს ეპითეტი სწორია და იგი ეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - განაცხადა ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის" დღის ქრონიკაში.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება ამღვრევს საინფორმაციო სივრცეს და ცხადია, პირველი ქვეყანა, რომელიც მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს, რუსეთია.

„სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი წევრები დაადანაშაულა ფეისბუქმა არა მხოლოდ მმართველი პარტიის ან ეკლესიის კრიტიკასა და სიძულვილის გავრცელებაში, არამედ იმ სამთავრობო ქმედებების დისკრედიტაციაში, რომელიც მიმართულია კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად. ანუ მაშინ, როცა ვცხოვრობთ უპრეცედენტო საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც გავდივართ დაშნის პირზე, რომ გადავარჩინოთ ადამიანები, გადავარჩინოთ ეკონომიკა, როდესაც ვცდილობთ სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას, თვით ეკლესია და აღდგომის დღესასწაულიც კი პანდემიის დასამარცხებლად გამოვიყენეთ, ყოფილი მმართველი პარტია, დღეს უკვე მთავარ ოპოზიციურ პარტიად თვითგამოცხადებული ძალა დადასტურებულად ცდილობდა ჩაეშალა ყველა ეს ქმედება მის ხელთ არსებული მედიარესურსების გამოყენებით.  ეს დაადასტურა ფეისბუქის ოფიციალურმა განცხადებამ და ამას ვერ გადაფარავს აქცენტის და ყურადღების გადატანა პანდებზე და სხვა კერძო პირებზე" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, რაც მთავარია, ფეისბუქის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ინტერნეტ ქსელი შექმნილია და აქტიურობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ცხადია ვის სასარგებლოდაც და ვის წინააღმდეგაც.

„ვინ იყო ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წელს? რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე. ვინ იყო მისი შტაბის პიარ ხელმძღვანელი?  რუსეთის მოქალაქე და ეროვნებით რუსი ვინმე შკლიაროვი, რომელიც სპეციალურად ჩამოიყვანეს მოსკოვიდან.  და რატომ გვიკვირს იმ რუსული ალგორითმის გამოყენება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც დაუფიქრებლად იყენებს ნაცმოძრაობა?  მე არ მიკვირს. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც სჯერა, თითქოს ნაცმოძრაობა დასავლური პარტიაა და რუსულ ოკუპაციას ებრძვის.  ნაცმოძრაობა კი რევანშის სურვილით დაბრმავებული ებრძვის არა ქართულ ოცნებას, არამედ საკუთარ ქვეყანას. სამწუხაროდ" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ისეთი ტრანსნაციონალური გლობალური ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფტი და ფეისბუქი თავისი კორპორატიული კულტურით მთლიანად დასავლური ცივილიზაციის ჰუმანისტური ღირებულებებს ეყრდნობიან.

„მიუხედავად სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი პრინციპის დაცვის აბსოლუტური პრიორიტეტულობისა, კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ შექმნა იმ მასშტაბის საფრთხე, რამაც აღნიშნული კომპანიები აიძულა შეეცვალათ მიდგომები ფეიკნიუსისა და დეზინფორმაციის გავრცელების თემის მიმართ.  ისეთი რესურსები, როგორიცაა გუგლის საძიებო სისტემა, იუთუბი, ფეისბუქი, უკვე პირდაპირ ხურავენ და შლიან იმ მასალებს, რაც ეწინააღმდეგება მეცნიერულად დადგენილ ჭეშმარიტებას პანდემიის მიზეზების შესახებ.  ხუთი ჯის დემონიზების თემა, სხვადასხვა ვითომ სამკურნალო საშუალებების პოპულარიზება, ხელისუფლებისა და მმართველობითი სისტემის წინააღმდეგ უნდობლობის დათესვა, შექმნილ ვითარებაში გლობალურმა კომპანიებმა აღარ დაიკავეს ნეიტრალური პოზიცია და აქტიურად ჩაერთვნენ სიცრუის ნაკადის წინააღმდეგ ბრძოლაში" - აცხადებს ნიკოლაშვილი.