ინფექციონისტი: იმის მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით თავიდან დაიწყება - არ არსებობს

ინფექციონისტი: იმის მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით თავიდან დაიწყება - არ არსებობს

პანდემიების დროს ყოველთვის არის მოლოდინი, რომ შეიძლება ვირუსი ხელმეორედ შემოტრიალდეს, სწორი მიდგომაა, რომ ყველა ქვეყანა უარესი სცენარისთვის მზად იყოს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ყველა პანდემიას, როდესაც ჩამთავრდება, ახასიათებს უკან მობრუნება, თუმცა საბედნიეროდ ეს არის ბევრად უფრო სუსტი, როგორც პირველი ტალღა. ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, ყველა ვერსიისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუმცა იმის მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება - არ არსებობს“, - განმარტა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.