თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან, კოკა ყანდიაშვილს ოფიციალურად შეხება „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ყველამ იცის და უნდა ვაღიაროთ, რომ ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია, ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოსაც წარმოადგენდა. მას, როგორც ვიცით, აქვს და ჰქონდა „ესპერსონა“, - ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში, მათ შორის, Facebook-სივრცეშიც, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი, რაიმე ხელშეკრულება არ აქვს და არც „ქართული ოცნების“ მხრიდან ფიქსირდება რაიმე დავალება მის მიმართ. ასეთი რამ ვერც დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა ანგარიშში. ასეთი კავშირი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.