თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ, ზუსტად ორი წლის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ცალკეული პოლიტიკანების თუ ანგაჟირებული სუბიექტების მცდელობის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამშობლო.
„გუშინ სახელოსნოში მივდიოდი. ტაქსი გამოვიძახე, ჩავჯექი, მძღოლს შევხედე, ქართველს არ გავდა, თუმცა გამართული ქართულით დააზუსტა მისამართი. მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო, მოვლილი, როგორც იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანების უმრავლესობა.
იაპონელებზე ვთქვი, რომ სისხლში აქვთ სისუფთავე და აკურატულობა, ასე როგორ შეინახეს მანქანა-თქო.
„იაპონელებმა კიარა, მე შევინახე, 80000 კილომეტრი გავატარე-მეუბნება, მთელი რუსეთი ამით მოვიარე“.
შევყევით ლაპარაკს, სიტუაცია გამოვკითხე, წარმოშობით აზერბაიჯანელი აღმოჩნდა, მაგრამ ვინც რუსეთში მეკითხება ვინაობას, ქართველი ვარ, ასე ვეუბნები, რადგანაც ქართველებს რუსეთში დიდი ძალა და ავტორიტეტი აქვთო.
გამიკვირდა.
ამასობაში ვერას რომ მივუახლოვდით, ერთი ქართველი მაგრად ვცემეო, მეუბნება.
არ მესიამოვნა.
მან კი მოყოლა გააგრძელა - „კრასნოდარში ჩამიჯდა მანქანაში ახალგაზრდა ბიჭი. რუსულად მკითხა ქართულ ნომრებზე, რა ქვეყნის ნომრებიაო? როცა გაიგო, რომ ქართულია, მკითხა მე სადაური ვარ. პასუხი რომ მიიღო, მითხრა, რომ თვითონაც ქართველია, ოღონდ ქართული არ იცის, არც საქართველოშია ნამყოფი და ოცნებობს იქ მოხვედრაზე.
ერთ კვირაში მივდივარ და წაგიყვან, არც ფული მინდა და თუ გინდა, ბათუმშიც წაგიყვან-მეთქი, ვეუბნები.
გაუხარდა, აფხაზეთში კი ვარ ნამყოფი, საქართველოსაც ვნახავო-მეუბნება.
აქ კი შეგეშალა, აფხაზეთიც ხომ საქართველოა, ეგეთი რამე აღარ თქვა, - ვუპასუხე.
„აფხაზეთი უკვე აღიარებული სახელმწიფოა“ - გამომიცხადა.
„აღარ გაიმეორო ეგ ჩემთან, აფხაზეთი საქართველოა“ -გავაფრთხილე.
„აფხაზეთი აღიარებული სახელმწიფოა“ - გაიმეორა და ერთი ხუთჯერ მოვარტყი სახეში, ყოფილი კიკბოქსიორი ვარ, გადაეთრიე მანქანიდან შე არაკაცო-მეთქი.
გასისხლიანებული გადახტა მანქანიდან, ამ დროს დპს-ის მანქანა მოდიოდა, დამიჭირეს, „აბეზიანიკში“ ვზივარ.
ცოტა ხანში მამამისი მოვიდა ბიზნესმენი, პატივს ცემენ იქ.
„რატომ ცემე ჩემი შვილი, რა დაგიშავა?“ - მეკითხება.
ქართულად ვპასუხობ - ამხელა კაცმა შვილს ჭკუა არ უნდა დაარიგო? სამჯერ გავაფრთხილე და მაინც იმას იძახდა, აფხაზეთი საქართველოს არ ეკუთვნისო.
სიტყვა დამთავრებული არ მქონდა და გამაჩერა, შეიკურთხა, ვერ გავზარდე, ეს მერამდენედ მარცხვენსო. უფროსთან შევიდა. ჩემი თავი გამოაშვებინა. ამ დროს გვარი გაიგო და გაოცებული მეკითხება - შენ რა, ქართველი არ ხარ?
„რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოდან ხომ ვარ“ - ვეუბნები.
შემომხედა, ხელი მხარზე დამარტყა მეგობრულად. ღვინო არა მაქვს, მაგრამ არა უშავს, კონიაკიც წავა, ახლავე უნდა დაგპატიჟო ოჯახში, გაცნობა აღვნიშნოთო - მეუბნება.
„ღვინო მე მაქვს, კარგი, ახლა ჩამოვიტანე საქართველოდან, ის დავლიოთ“, - ვეუბნები.
გადაირია.
თავისი ბიჭი ჩემთან გააგზავნა - ის, რომელიც ამბობდა აფხაზეთი აღიარებული სახელმწიფოაო. ოცლიტრიანი საუკეთესო რქაწითელი მოვატანინე, დილამდე ვიქეიფეთ და დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ“. - დაამთავრა ეს საოცარი ისტორია რამიზამ.
ხუდია ბორჩალოელი გამახსენდა...
ისიც ვიფიქრე, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის.
გიორგობას გილოცავთ, დაგვემარცხებინოს უიმედობის, უვიცობის და სიძულვილის ურჩხული ჩვენს სულში“, - წერს სოსო მანჯავიძე.