მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. მეტიც - ემზადებიან იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის მეორე ტალღას მსოფლიო საზოგადოება მომზადებული შეხვდეს. გერმანული მედია წერს, რომ ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება. ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე რეალურს უწოდებს ვირუსის ახალ აფეთქებას და „რეზონანსთან"აღნიშნავს, რომ ყველა ვირუსულ ინფექციას განმეორება ახასიათებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების ქცევა ისეთივე თავისუფალია, როგორიც მანამდე იყო.
როგორც „შპიგელი" წერს, ნატო-ში უკვე დაიწყეს სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლითაც ალიანსმა ვირუსის ხელახლა გავრცელების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს. გერმანული გამოცემის ცნობით, გეგმის შემუშავება ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩებთან გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე გადაწყდა.
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე ალიანსის საპასუხო მოქმედებები ნატოს სანდოობისა და ერთიანობის „ლაკმუსის ტესტი" იქნება. არსებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე გამოვიდა ინიციატივით, პანდემიის საპასუხოდ უფრო გრძელვადიანი გეგმა შემუშავდეს.
ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში მოსალოდნელი არ არის, რადგან ქართველი სპეციალისტები უფრო უკეთ უმკავდებიან ახალ ვირუსს, ვიდრე სხვა, თუნდაც ევროპული ქვეყანები.
მისივე თქმით, კოვიდ-19-ის განმეორება მოსალოდნელია, თუმცა, მსოფლიო საზოგადოება მას უფრო მომზადებული დახვდება, რადგან ამ დროისთვის შესაბამისი მედიკამენტებიც შემუშავებული იქნება.
„საქართველოში რატომღაც მგონია, რომ არ უნდა იყოს, მაგრამ ისინი (ნატო-ს ქვეყნები) ანგარიშობენ თავიანთისიტუაციიდან გამომდინარე. გარკვეულწილად, მაინც არ არის გატარებული ისეთი ზომები, როგორიც საქართველოში და არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტალღა იყოს.
„ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს მეორე ტალღა და ამის წარმოქმნა ხშირად ხდება მაშინ, როდესაც თითქოს გადაიარა და ხალხი უკვე მაქსიმალურად თავისუფლად გრძნობს თავს. ეს ზოგჯერ დამღუპველიცაა.
„მსოფლიო მეტ-ნაკლებად უკვე მზადაა, იცის რასთან აქვს საქმე. იმ პერიოდისთვის ალბათ რაღაც პრეპარატები უკვე გამოჩნდება სამედიცინო სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და საერთოდ, როდესაც მომზადებული ხარ, ბევრად უფრო ნაკლები ზიანია მოსალოდნელი.ამასთან, გავრცელება ისეთივე აქტიური და სწრაფი აღარ იქნება, როგორიც დღეს არის," - აღნიშნა ხმალაძემ.