ამირან გამყრელიძე: ერთი თვეა, საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელს, რომ ჩვენთვის წამლის მოწოდება გაითვალისწინონ

ამირან გამყრელიძე: ერთი თვეა, საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელს, რომ ჩვენთვის წამლის მოწოდება გაითვალისწინონ

საქართველომ პრეპარატის მწარმოებელ კომპანია „გილიადს“ ერთი თვის წინ მიმართა, რომ „რემდესივირი“ საქართველოსაც მიაწოდოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მისცა დასტური, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ შეიძლება გამოიყენებოდეს კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევებისთვის.

„ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი კომპანია „გილიადი“, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს არის შექმნილი, ანტივირუსული წამალია, რომელზეც ჩინეთში, აშშ-ში, ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა კლინიკური კვლევები და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გუშინ თუ გუშინწინ მისცა დასტური, რომ „რემდესივირი“ შეიძლება, გამოიყენონ მძიმე შემთხვევებისთვის. უკვე ერთი თვეა, რაც საქართველომ „გილიადის“ ხელმძღვანელობას მიმართა, რომ საქართველოსთვის გაითვალისწინონ წამლის მოწოდება და იმედია, რომ ჩვენც გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.