ტესტირების რეკორდული რაოდენობა საქართველოში - რა პროგნოზი აქვთ ინფექციონისტებს

ტესტირების რეკორდული რაოდენობა საქართველოში - რა პროგნოზი აქვთ ინფექციონისტებს

„რეკორდული ტესტირების ჩატარება ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, პიკს ჯერ არ გადაუვლია. გადავლაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როცა ყველას გასინჯვა მოხდება და პლუს ახალი შემთხვევები აღარ იქნება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას.

გამყრელიძის განცხადებით, შაბათს ქვეყანაში ამ დროისთვის რეკორდული - 1 328 ტესტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც მხოლოდ 16 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.

„დღეს გვქონდა პიკი - ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან 4 არის მარნეულში, 4 თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ხმალძე აღნიშნავს, რომ ინფექციის პიკზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან აქ შესაძლოა ტესტირება ჩაუტარდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც კლინიკური ნიშნები აქვთ.

„ჩემი აზრით, პიკი არ გადაგვივლია იმიტომ, რომ მაინც ყველა არ გამოკვლეულა, ხომ? როდესაც პიკის გადავლაზეა საუბარი, მაშინ მთელი მოსახლეობის გამოკვლევა უნდა მოხდეს. თუ საუბარია მხოლოდ იმ ხალხის გამოკვლევაზე, ვისაც მაღალი ტემპერატურა და კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული, მაშინ გავითვალისწინოთ, რომ ისეთი ხალხიც არსებობს, რომელსაც დაავადების უსიმპტომო ფორმები გააჩნიათ. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ პიკმა გადაიარა, ცოტა ადრე მეჩვენება" - განაცხადა ხმალაძემ.