კორონავირუსით ინფიცირებული 16 ახალი პაციენტიდან 7 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„1 არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადებაც აქვს - მძიმე ჰიპერტონული დაავადებით არის ავად, ანუ რისკის მატარებელი პაციენტია. ამ ეტაპზე მდგომარეობა ჯერჯერობით ასეთი გვაქვს. დინამიკაში ვნახოთ როგორ განვითარდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, ახალ პაციენტებს შორის 3 მოზარდია და მათი მდგომარეობა, ისევე როგორც კლინიკაში მკურნალი სხვა არასრულწლოვნების, პროგნოზულად კეთილსაიმედოა.
საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.