მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო.
29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია (ბმული : http://orginspect.moh.gov.ge/#/login)
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორი, პირველ რიგში, აუცილებელია, გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ გაიაროს რეგისტრაცია.
იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა.
რაც შეეხება მეორე და ასევე მნიშვნელოვან საკითხს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4845540?publication=0) და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და stopcov.ge-ზე.
მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე.
მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურები, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.“ – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.