ჯანმო: ჩინეთმა ჩვენი ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებასთან უნდა დაუშვას

ჯანმო: ჩინეთმა ჩვენი ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებასთან უნდა დაუშვას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ორგანიზაციის ექსპერტები ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებასთან დაუშვას. ამის შესახებ სააგენტო France-Presse-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იაზარევიჩმა განუცხადა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ჩინეთის ხელისუფლების მოწვევით კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ტარიკ იაზარევიჩმა.

30 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩინეთში, გაუდენ გალეამ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციის ექსპერტებს, მიუხედავად მოთხოვნისა, ჩინეთისგან კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაში მონაწილეობის მოწვევა არ მიუღიათ. მისი თქმით, ჯანმო დარწმუნებულია იმაში, რომ ვირუსს ცხოველური წარმოშობა აქვს და ლაბორატორიაში შექმნილი არ იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.