,,პატარა ქვეყანა“

,,პატარა ქვეყანა“

რადგან ნებისმიერი არტეფაქტი რესურსად იყენებს არა მხოლოდ ბუნებრივ მასალას, არამედ ადამიანთა ნააზრევს, იქნებ ჩვენც დავფიქრებულიყავით, ერთი შეხედვით წვრილმან, მაგრამ იმ მნიშვნელობის საკითხებზეც, ჩვენს ქვეყანას რომ უკავშირდება და  მაინც და მაინც დიდად არ უნდა ვიწუხებდეთ თავს ამაზე ფიქრით.  

მაგალითად ავიღოთ, თუნდაც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალსაზრისი საკუთარ სამშობლოზე, როგორც ,,პატარა ქვეყანაზე,“ რამდენად მართებულია ასეთი შეხედულება?

დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკური ლექსიკონი  ,,პატარა ქვეყნის“ დეფინიციას, მის ერთმნიშვნელოვანი განმარტებით არ იძლევა. ყველაფერი კი ამქვეყნად შედარებითია და შეფარდებითიც.

გავიხსენოთ რუსთაველის ეპოქა და ყველასათვის კარგად ნაცნობ სახელმძღვანელო წიგნებში წაკითხული სიტყვები: მე-12 საუკუნის საქართველო დიდი და მრავალეროვანი სამეფო იყო. მაგრამ, თუ მას ისტორიულ ჭრილში შევადარებთ სხვა ქვეყნებს საინტერესო სურათს მივიღებთ: ირკვევა, რომ მაშინდელი ქართული სახელმწიფოს შემოსავალი აღემატებოდა იმ დროის თურქებისა და ირანელების, ინგლისელებისა და ფრანგების შემოსავალს ერთად აღებულს. ამავე დროს იგი აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი იყო.

თამარისა და რუსთაველის ეპოქის საქართველო დიდი და გამორჩეული ქვეყანა იყო მოსახლეობის რაოდენობითაც: რიცხობრივად აღვემატებოდით საფრანგეთს, აგრეთვე,  ინგლისს  და მასთან ერთად აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იმ მოსახლეთ, დღეს, რომ იტალიას ვუწოდებთ.

გარდა ამისა, თუ თამარ მეფის დროს თბილისი 100 ათას მცხოვრებს ითვლიდა, დროის  ამ მონაკვეთისთვის, ლონდონისა და პარიზის მოსახლეობა 20 ათასამდე კაცი იყო. ცნობისათვის, რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 100 ათასიანი ქალაქი მხოლოდ XVI საუკუნეში გახდა.

შემდგომშიც, მიუხედავად მოსახლეობის უდიდესი დანაკარგისა, გარეშე და შიდა მტრებთან  აურაცხელი ბრძოლებით რომ იყო განპირობებული, XX ს-ის 50-იან წლებამდე ქართველი ერი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ამიერკავკასიაში. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1801 წლისათვის (დღევანდელ საზღვრებში) შეადგენდა დაახლოებით 785 ათას კაცს, ხოლო 1800-1989 წლებში, ე.ი. თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. Aამ მაჩვენებლით საქართველო დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებდა, სადაც იგივე პერიოდში მოსახლეობა მხოლოდ 2-4 ჯერ გაიზარდა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ XIX საუკუნის შუა წლებისთვის საქართველოს მოსახლეობა აღემატებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას ერთად აღებულს. ამჟამად აზერბაიჯანის მოსახლეობა ორჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე, ხოლო სომხეთს, რომელიც ამ ასი წლის წინ ოთჯერ ჩამორჩებოდა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობით, დღეს თითქმის გაუთანაბრდა. 1989 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

დანაშაულია  ამის შემდეგ სახელწიფოებრივ დონეზე არ იფიქრო დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივისთვის გათვლილზე.

კიდევ ერთი საყურადღებო გარემოებაც, გასაგებია, რომ მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაციაში საქართველოს ადგილის განსაზღვრა არც ისე ადვილია. Mმაგრამ, რაც ვიცით, ვფიქრობთ, ისიც საკმარისია გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად: ერთ სულ მოსახლეზე ერთობლივი ეროვნული პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს 3500 დოლარს უდრიდა. Aამ მხრივ ჩვენი ქვეყანა საშუალო დონეზე მაღლა იდგა და ევროპის მდიდარ ქვეყნებს უახლოვდებოდა. ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის, თავს მოხვეულმა უმძიმესმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო და დროში უსაშველოდ გაიწელა, საქართველო უღარიბეს ქვეყნად აქცია.

როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ასეთი დიდი კლება დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, იშვიათი მოვლენაა და ძნელად გასახსენებელი თვით  მსოფლიო  ისტორიისთვისაც.

თუ ანალოგიებზე მიდგება საქმე, ამ მხრივ შეიძლება ბერძნები გავიხსენოთ, მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის და ის საფასურიც მათმა ქვეყანამ თურქთა ოთხსაუკუნოვანი ბატონობის ქვეშ რომ გაიღო. ხოლო თუ რა ძვირი დაუჯდა ბერძენ ხალხს თავისუფლების მოპოვება ამას სტატისტიკაც მეტყველებს: თუ 1821 წელს განმათავისუფლებელი ომის დასაწყისისათვის საბერძნეთის მოსახლეობა მილიონსაც არ აღწევდა (938,7 ათასი კაცი), ეს იყო თურქთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის 400 წლიანი გმირული ბრძოლის შედეგი. 1828 წელს ომის დასასრულისათვის მოსახლეობა  კიდევ შემცირდა - 753, 4 ათას კაცამდე, ე.ი. თითქმის 20 პროცენტით. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მაინც 1838 წელს იყო, მეფე ოტონის ხუთწლიან მეფობაში - 752 ათასი. ამის გამოა, რომ დღესაც ბერძნები ვერ იტანენ თურქებს, არა პიროვნულად, არამედ თურქეთს, როგორც კონცეფციას. ისინი წარსულს გუშინდელ დღესავით იხსენებენ და ოცნებობენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე. თურქების მიმართ ბერძნების დამოკიდებულება მათ იუმორშიც ჩანს:  ერთი ბერძნული წარმოშობის ამერიკელი არიგებდა თავის სავიზიტო ბარათებს, რომელზეც ეწერა: ,,უმჯობესია საქმე მქონდეს ათასობით თურქთან, ვიდრე ერთ ბერძენთან.“ მისი ბარათის მეორე მხარეს კი ეწერა: ,,მაიკის დამკრძალავი ბიურო.“

საბერძნეთისათვის  არა ნაკლებ მკაცრი გამოდგა მეორე მსოფლიო ომის წლები. თავისუფლებისთვის ბრძოლაში ბერძნებმა 400 ათასი კაცი დაკარგეს. საშობლოსათვის მათ თავგანწირვაზე, უინსტონ ჩერჩილი წერდა: ,,ჩვენ უკვე აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბერძნები იბრძოდნენ, როგორც გმირები. ჩვენ ვამბობთ, რომ გმირები იბრძვიან, როგორც ბერძნები“.

ბერძნები ამაყობენ იმით და სრულიად სამართლიანადაც, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ევროპამ წინააღმდეგობა შეწყვიტა ფაშიზმთან, ისინი ბრძოლას მაინც აგრძელებდნენ.  

დიახ, ყოველივე ამის შემდეგ ძნელია არ დააფასო ის, რასაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვა. ამის გაგება კი მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სამშობლოსთან ერთად წყვდიადშიც უცხოვრია. ადამ მიცკევიჩს, რომელმაც შოპენთან ერთად 1830 წლის ნოემბრის აჯანყების გამო დატოვა ქვეყანა, ეკუთვნის ეს სიტყვები: ,,სამშობლოვ, შენი ჭეშმარიტი ფასი მხოლოდ იმან იცის, ვინც შენ დაგკარგა.“

დავესესხები ერთიან ძლიერ იტალიაზე, მეოცნებე  ნიკოლო მაკიაველს, კაცს, რომელსაც საფლავში ანდერძად  ჩაჰყვა მისგანვე დატოვებული სიტყვები: ,,სამშობლო ხომ ეს იგივე ზეციდან მიწაზე ჩამოსული ღმერთია, რომლის თაყვანისცემაც თითოეული ჩვენგანის წმინდათაწმინდა ვალია.“

რა  თქმა  უნდა,  ყოველივე  ამან  შეუძლებელია  არ  დაგვაფიქროს. როგორც ჩანს, ამქვეყნად მყარი არაფერია, როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების და ბოლოს ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ერთა ბედნიერებაც  მთვარესავით  ცვალებადია. იგი ხან ივსება, ხანაც ილევა, მყარი კი არასოდეს არ არის. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, ისე ერები, წაქცევა-ადგომისას ვიზრდებით, ხოლო თავისუფლების მოპოვების და შენარჩუნების საფასურს  ადრე თუ გვიან ყველა ვიხდით.

ის, რომ ყოველი ხალხი თავისი იდეალებით ქმნიდა და ქმნის ისტორიულ სურათს, ვფიქრობ, არახალია, ძველია. ფაქტია ისიც, რომ ყოველ ერს, განსაკუთრებული წარმოდგენა აქვს თავის თავზე. მრავალი ამას ალბათ, ბუნებრივად მიიჩნევს, რადგან, დღევანდელი მსოფლიო სავსეა ამგვარი შეხედულებებით. აი, რამდენიმე მაგალითიც:

საკუთარ თავს ესპანელები ყველაზე გაბედულებად თვლიან (კორიდას სინდრომი), ფრანგები - ყველაზე ინტელექტუალებად მიიჩნევენ, ხოლო იაპონელები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე უკეთესები არიან.

მსოფლიოში თვით ყველაზე ფლეგმატურ შვედებსაც  კი დღესაც ნორმალურად მიაჩნიათ ის ამბავი, რომ კარტოგრაფიის ერთ-ერთმა პიონერმა ფლამანდიელმა გერარდ მერკატორმა (1512-1594) თავის რუკაზე შვეცია აფრიკის ოდენად გამოსახა. ნაციოინალური თვითშეგნება შვედების მაღალია. ერთ სტრიქონში შვედების ნაციონალური ჰიმნისა ნათქვამია: ცოცხლობს ჩვენს მახსოვრობაში წარსულის დიდება.“ ,,დიდი ერა“, როცა მათ თითქმის მთელი ჩრდილო ევროპა ექვემდებარებოდა მახსოვრობაში მტკიცედ აქვთ. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი სიამაყით ასწავლიან ბავშვებს სკოლაში ყაჩაღ და მოძალადე ვიკინგებს.

თუ ჩვენ გვაქვს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, შვედ ისტორიკოსებში დღესაც შეხვდებით ისლანდიურ საგებიდან და პლატონიდან ამოკრეფილ ციტატებს, რომ შვეცია ეს ,,ღმერთების კუნძულია“ ე.ი. ოკეანის ფსკერიდან ამოსული ატლანტიდა.

და ეს ყოველივე ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ყოველი ხალხი თავისი იდეალებით ქმნიდა და ქმნის ისტორიულ სურათს და თავის სულიერ საზრდოდ იყენებს. სწორედ ამ  ოცნებაშეპყრობილ  ხალხთა კოშმარებისგან  იწერება და იქმნება  ,,ახალ-ახალი ისტორიები.“

რაც შეეხება ჩვენს წარმოდგენას საკუთარ სამშობლოზე, ვფიქრობ, არასწორად გვაქვს გაცნობიერებული და ,,ყური გახედნილი“ სახელწოდებაზე - პატარა ქვეყანა, რითაც დღეს ხშირად ჩვენს სამშობლოს მოვიხსენიებთ. გასაგებია, თუ რასაც ვგულისხმობთ მასში. მაგრამ, ერთია მცირერიცხოვნება და მცირემიწიანობა ქვეყნისა, ხოლო სულ სხვაა მის აღმნიშვნელად გამოყენებული ,,პატარის“ ცნება. ასეთ განსაზღვრებას კი, რომელიც კნინობით ფორმად თუ გამოდგება, ნამდვილად არ ვსაჭიროებთ. საქართველო ტერიტორიებდაკარგული და მოსახლეობისგან დაცლილი სხვადასხვა ეპოქებშიც ყოფილა, მაგრამ  იმ ფასეულობებით, რომლებიც მას მუდამ გააჩნდა, არასოდეს ყოფილა ,,პატარა“ ქვეყანა. ამიტომ ამ სინდრომისგან რაც მალე გავთავისუფლდებით, მით უკეთესი ჩვენთვის.

მაგრამ, რატომ უნდა გვახსოვდეს  ყოველივე ეს, მითუმეტეს დღეს? იმიტომ, ხომ არა  რომ მცირერიცხოვან ერების ბედი წყდება დიდ ისტორიულ კატაკლიზმებში. ,,კაცობრიობა სხვა არაფერია თუ არა ცდისთვის განკუთვნილი მასალა,“  ამბობდა ნიცშე და ცუდია თუ  თავად არ ვფიქრობთ ასე.

ქართული სახელმწიფოებრიობისათვის კი რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ მემკვიდრეობას?  იქნებ ამაზეც  გვეთქვა ორიოდე სიტყვა:

ფაქტია, კაცობრიობა და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, უდიდესი გამოწვევების წინაშეა. თავად საზოგადოების ისტორიაც ხომ მუდმივი გამოწვევების პროცესია. ა. ტოინბის აზრით: ,,გამოწვევა იწვევს ზრდას. გამოწვევაზე პასუხით საზოგადოება წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანას, რითაც თავი გადაჰყავს უფრო მაღალ და უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში. გამოწვევების არქონა ნიშნავს ზრდისა და განვითარების სტიმულების არქონას.”

ამდენად, ერს, რომელსაც უწყვეტ გამოწვევებზე უწყვეტი პასუხები არ გააჩია მისთვის  მოსვენების ადგილი სასაფლაო. ისტორიის უფსკრული ხომ საკმაოდ ტევადია  ყველასთვის  და  ყველაფრისთვის.

ამასთან, შეუძლებელია დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანი რომელი კულტურის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, თავისუფალი არჩევანის უფლებას ფლობს, მათ შორის სხვების დამსგავსებისაც. შოპენჰაუერი წერს: ,,ჩვენ ვკარგავთ ჩვენი ცხოვრების სამ მეოთხედს იმაზე, რომ დავემსგავსოთ სხვებს”. ახლა ისიც ვიკითხოთ რამდენად არის ეს წარმატების მიღწევის საწინდარი, მოვუსმინოთ რა გვეუბნებიან ფსიქოლოგები: ,,თუ ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რასაც სხვები აკეთებენ ეს 100 %-იანი წარუმატებლობაა. აქედან დასკვნა, - არაფერია ისე საზიანო, ვიდრე საკუთარი თავისადმი, შესაძლებლობისადმი ურწმუნოება. ამ მხრივ, ნურც წარუმატებლობა დაგვაბნევს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი ,,დაცემა-ადგომისას ვიზრდებით!”

ყველანაირ უცხოურის ბრმად მიმბაძველთა გასაგონად კი მსურს განვაცხადო: ოდესღაც ,,ბერძნებს ეჭვი არ ეპარებოდათ იმაში, რომ კაცთა მოდგმა, კულტურული სამყარო მათგან იღებდა სათავეს, შემთხვევით კი არ თვლიდნენ ისინი ქვეყნიერების ჭიპად დელფოსს. ბერძნებზე ადრე ეგვიპტელებს ჰქონდათ ასეთი პრეტენზიები. ისინი მხოლოდ თავიანთ თავს თვლიდნენ ნამდვილ ადამიანებად, ისევე როგორც შუმერები. ეგვიპტელი, ანუ ,,რომეტ” ნიშნავდა ადამიანს. ცისქვეშეთში ბატონობის პრეტენზია გააჩნდათ ჩინელებს. უკვე უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა კულტურულ სხვაობებზე დაფუძნებული ზნეობრივი კატეგორიები - ,,ჩვენ” და ,,ისინი”, ეთნოგრაფიული მონაცემებით ესკიმოსემი მხოლოდ თავის თავს უწოდებდნენ ,,ინუიტებს,” ანუ ,,ადამიანებს”

,,კაცობრიობა“-ც დასავლეთევროპელის გამოგონებულია და მასში ის თავის თავს გულისხმობს, ამას უკვე შპენგლერი ამბობს. მისივე აზრით, ,,ეს არის ე.წ. ევროპოცენტრიზმი, ანუ  პტოლომეს  სისტემა  ისტორიაში.“

ქართულ კულტურაში ფასეულობანი, რომლებიც წარსულის საუკეთესო გამოცდილებაზეა დამყარებული  ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ემსახურება. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი აკად. ნიკო მარი წერდა:  ,,ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად, კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება.“

რადგან ფასეულობებს ვეხებით, მისი დეფინიციაც გავიხსენოთ: კულტუროლოგიის დარგს, რომელიც კულტურის სფეროში ფასეულობას სწავლობს აქსიოლოგია ეწოდება. აქსიოლოგიაში ფასეულობანი აპრიორულია იმიტომ, რომ ფასეულობისათვის პრიორიტეტის მინიჭების კრიტერიუმი მყარია. ეს კრიტერიუმებია: ფასეულობათა დროში შემოწმებული მარადიულობა. მათი გაუფასურების მიზნით დეკოდირებამ არ შეიძლება ნორმალური ფსიქიკისა და მენტალობის მქონე ადამიანში გამოიწვიოს კმაყოფილების გრძნობა. ამიტომ არის, რომ ყველა დროში და ყველა ერში ეროვნულ კულტურას განსაკუთრებული მისია აკისრია. იგი აქცევს ხალხს ერად, ერს კი, მხოლოდ დამოუკიდებელსა და თავისუფალს, შეუძლია გამოავლინოს მთელი თავისი სულიერი მშვენიერება, რაც არა მარტო მისთვის, მთელი კაცობრიობისათვის არის საჭირო და აუცილებელიც! კულტურის ტრადიციული, ისტორიული ხასიათის ხელოვნური შეცვლის ცდა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მთელ ხალხს, მთელ ქვეყანას ეპიგონობისკენ უბიძგებს. ეპიგონური კულტურა კი ეროვნული ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ შეასრულებს განგებისგან დაკისრებულ მოვალეობას - ხალხი გარდაქმნას ერად!

ამიტომ არის, რომ დღევანდელ დღეს,  საკმაოდ რთულ და ბოლომდე გაურკვეველ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც სამართალი არ არის ძლიერი, ხოლო ძალა სამართლიანი, ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებისთვის ,,მკვდარი მიმბაძველობა“ გაცილებით სახიფათოა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობის საფრთხეს რეალურად აჩენს.

სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა კაცობრიობას საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა ვერ მოუტანა. ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ მატერიალურ - ტექნიკურ პროგრესს ადამიანების სულიერი სრულყოფა თან არ სდევდა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოებაში სრული ქაოსია გაბატონებული. მატერიალური კომფორტის კულტით შეპყრობილ საზოგადოებას ფრომმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა.

პლანეტაზე ცხოვრება თანდათან სასტიკი და არაპროგნოზირებადი ხდება.

დაუსრულებელი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, რომელიც ხელისუფლებისა და ხალხის სისხლიანი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, ბევრი განვითარებული თუ სუსტად განვითარებული ქვეყნისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ წამყვანი ქვეყნების ახლანდელ ლიდერებს არ ძალუძთ მსოფლიოს გამოყვანა ამ სიტუაციიდან. ცნობილი ექსპერტებისა და საქმიანი ადამიანების, ფინანსისტების პროგნოზები არცთუ დამამშვიდებელია და მიანიშნებს, რომ გახშირებული კატაკლიზმები მსოფლიო ცივილიზაციის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სურათს არ ვამუქებ,  ეს რეალობაა. მსოფლიო საზოგადოებაზე  და  მათ შორის ევროპულ   ერებზეც  დეჰუმანიზაციამ  თავისი გავლენა  უკვე   მოახდინა.

ო. შპენგლერის სიტყვებით თუ ვიტყვით: ,,თანამედროვე ადამიანი მოლიპულ გზაზე ხანგძლივად მიმავალ იმ მგზავრს დაემსგავსა, რომელიც სახლში დაბრუნებას ვერა და ვერ ახერხებს.“

არადა სახლში უსათუოდ უნდა დავბრუნდეთ, რაც ეროვნულ წიაღში, საკუთარ  კერასთან  მიბრუნებას  ნიშნავს.

ევროკავშირის საერთო კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ, კულტურათა შერევისა და გაერთიანებულ სამართლებრივ სივრცეში ერთად მოქცევის კონცეფცია  ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდამდის აღნიშნული პრობლემა, სანამ მულტიკულტურიზმი კრახს არ განიცდიდა, ასე ცხადად არ ჩანდა ზედაპირზე.

კულტურათა თვითმყოფადობისა და საკუთარი სახის შენარჩუნების ინსტიქტმა აჯობა, ევროკავშირის საერთო სახელმწიფოდ გადაქცევის ტენდეციას. ევროკავშირი შეჩერდა, ინტეგრაციის იმ ფაზაზე, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც ინტეგრაციის უმაღლესი სტადია - ერთიანი სავალუტო გაერთიანება, თუმცა ესეც როგორ გაუძლებს დროის გამოწვევას, არავინ იცის.

შემდეგი ინტეგრაცია, უკვე არაბუნებრივი, ეროვნულ სახელმწიფოთა კომპეტენციების არასასურველ დელეგირებას მოასწავებდა, ამიტომ რეფერენდუმებზე უარი ეთქვა ერთიან კონსტიტუციას და ეროვნულმა სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს საკუთარი საზოგადოების სოციალური მანქანის ფუნქციები. ეროვნული სახელმწიფოების მიერ საკუთარი ფუნქციების შენარჩუნება პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.

რადგან ქართველები ,,მკვდარ მიმბაძველობაში“ ასე ვართ გაწაფულნი, იქნებ, ამჯერად მაინც, არა რაიმეს კოპირებამ, არამედ მსოფლიოში და თავად ევროპის კონტინენტზე მიმდინარე  პროცესებში ღრმად ჩახედვამ  და გააზრებამ მოგვცეს სტიმული  რათა კვლავაც მივუბრუნდეთ ეროვნულ ფესვებს!

თუ ინგლისელს, როგორი გლობალიზებულიც არ უნდა იყოს მისი ქვეყანა და სადაც არ უნდა იყოს თავად იგი, ეროვნულობის ნიშანი ყოველთვის ეტყობა. არსად და არავისთან არ შეიცვლის საკუთარ თვისებას. ის ყველგან საკუთარ სახლშია. უფრო მეტიც, იგი ყველგან ცდილობს თავისი ჩვევების დამკვიდრებას, რადგან დარწმუნებულია, რომ ამის უფლებას თავისი ქვეყნის კულტურა და ისტორია აძლევს.

თუ საკუთარი სახის დაკარგვა ასევე არ შეუძლიათ: იაპონელებს, ჩინელებს, ესპანელებს, ბერძნებს, ებრაელებს, სომხებს და ა.შ. ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება? თურაშაულის პატრონი დღენიადაგ რატომ დავეძებთ პანტას ტყეში?  ცხადია, რომ ამის პასუხი ჩვენს ეთნოფსიქოლოგიაში მოსაძებნი, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეს ე.წ. ,,მკვდარი მიმბაძველობა მოძალებულებულიც არის და  ათასგვარი მითებით არის შელამაზებული.

რადგან მომავალი თავისთავად არ გვეძლევა, არამედ ის ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ, მაშინ პირველ რიგში თავს მოხვეული მითების ძალა უნდა შევიცნოთ. გვმართებს ამაზე დაფიქრება! მშვენივრად გვესმის, რომ სამყაროს განაგებენ არა მასწავლებლები,  პოეტები და ჰუმანისტები, არამედ სახელმწიფო მოღვაწენი, პოლიტიკოსები, რომელთა ერუდიციაც ხშირ შემთხვევაში არცთუ შესაშურია. ამიტომ, უწინარესად საზოგადოების თითოეულ წევრს გვმართებს დავუკვირდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყნების პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას, მათ შორის ისტორიის კოშმარებსაც. უფრო მეტად გავითვალისწინოთ წარსულის გამოცდილება, ვინაიდან, როგორც ერთმა ფილოსოფოსმა შენიშნა, ისტორიას ვინც ივიწყებს, ის კიდევაც განწირულია ერთხელ უკვე დაშვებული შეცდომების კვლავაც გასამეორებლად.