რატომ მოხდა ნახტომისებური ზრდა - ინფექციონისტები ახალი შემთხვევების კიდევ უფრო მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ

რატომ მოხდა ნახტომისებური ზრდა - ინფექციონისტები ახალი შემთხვევების კიდევ უფრო მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა, რაც წინა დღეების მონაცემებთნ შედარებით, მკვეთრი ნახტომია. ასეთი ნახტომები აპრილის შუა რიცხვებში ორჯერ იყო, როდესაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეღამეში 30 შეადგინა.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელიც იყო. მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად ზრდის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთ ინფიცირებულთან რამდენიმე ადამიანის კონტაქტი ხდება. ეს იმისდა მიხედვითაა, თუ ეპიდკერაში რამდენი ადამიანი იყო. თუ ინფიცირებული ადამიანი იზოლირებულია, ის არავის არ გადასდებს, მაგრამ თუ მრავალ ადამიანთან ექნება კონტაქტი, მრავალი ადამიანი დასნებოვნდება. ეს მხოლოდ ამის ბრალია.

„დაუკვირდით, მაგალითად, მარნეულის და ბოლნისის კლასტერს - ეს ბოლო ახალი შემთხვევები ძირითადად იქიდანაა, ხომ? ამიტომ ინფექციის გამოვლინება რამდენიმე ადამიანს შეიძლება ერთი და იგივე დროს ჰქონდეთ. კი ჰქონდათ კონტაქტი,მაგრამ გავიდა ერთი და იგივე დრო, ვთქვათ ერთიდან ორ კვირამდე ინკუბაციის პერიოდი და მერე გამოვლინდა. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

„ჯერჯერობით მატებას ველოდებით. რატომღაც ეპიდემიოლოგებიც და ინფექციონისტებიც ასე ვფიქრობთ, რომ ჯერ თითქოს არ გამოვლენილა იმ რაოდენობის, რამდენიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მოხდა ხალხის გარკვეულწილად შეჯგუფება, ოჯახებშიც იყო ხალხის შეჯგუფებები - ზეიმი გასაგები მიზეზის გამო და ამიტომ, თორემ ღმერთმა ქნას, რომ არ იყოს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჯობია ცუდზე ვიფიქროთ, ვიდრე კარგზე.

„ყველაზე რთული ეს ორი-სამი კვირა იქნება, რომელიც დაახლოებით ამ ფარგლებში ჯდება და მერე სიცხეც (ტემპერატურის მომატებაც) წამოვა და ალბათ კლებაც დაიწყება. როგორც კი იმ ადამიანების იზოლირება ხდება ხოლმე, რომლებიც შესაძლო ინფექციის წყარო იყვნენ, მერე გარკვეულწილად ინფექციის კონტროლი ხერხდება ხოლმე", - განაცხადა ხმალაძემ.