პენტაგონში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყანაში სიტუაციას სრულად ვერ აკონტროლებს. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დაზვერვა არ ადასტურებს ან არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.
„სადაზვერვო ინფორმაციის თვალსაზრისით, არაფერია ისეთი, რაც შემიძლია დავადასტურო ან ვუარყო. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ კიმ ჩენ ინი ჯერ კიდევ სრულად აკონტროლებს კორეის ბირთვულ ძალებსა და კორეის შეიარაღებულ ძალებს. არ მაქვს საფუძველი ეს არ ვივარაუდო“, - განაცხადა მან.
21 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის თაობაზე. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ. თუ მისი მდგომარეობა ისეთია, როგორც ამას მედიაში წერენ, მაშინ ეს სერიოზულია. ყველაფერი კარგი მინდა მას ვუსურვო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
21 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამერიკის დაზვერვა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.