აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის თაობაზე. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ. თუ მისი მდგომარეობა ისეთია, როგორც ამას მედიაში წერენ, მაშინ ეს სერიოზულია. ყველაფერი კარგი მინდა მას ვუსურვო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა სერიოზული სამედიცინო ანგარიშები ამ საკითხზე, თუმცა არავის დაუდასტურებია ისინი.
„როდესაც CNN-ი რამეს ავრცელებს, მე ამის დიდად არ მჯერა“, - დასძინა მან.
21 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამერიკის დაზვერვა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.