„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს. ბაქრაძის განმარტებით, პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ საკითხი, სწორედ მთავრობის მეთაურმა უნდა შეიტანოს. დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია, რომ პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრასტეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ასი ასთასობით ადამიანის მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია, ამ გადაწყვეტილების გასაცნობად პარლამენტში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი. აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, როგორ იქნება გამოყენებული და როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორ გამოსწორდება ის ხარვეზები, რომლებიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას და რაც მთავარია, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანსა და ოჯახს, ვისი ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა.

ყველა ეს კითხვა მოითხოვს პასუხს, ამ კითხვებზე პასუხები უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა და ამიტომ, „ევროპული საქართველო“ მოვითხოვთ და მოველით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს პარლამენტში შემოიტანს სწორედ პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებას საკუთარ ხედვას და სტრატეგიას გააცნობს პრემიერ-მინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.