რემდესივირი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრეპარატი ანტივირუსული მოქმედებით, ვირუსის შეჭრის შემდგომ ისეთ მექანიზმს აკეთებს, რომ ვირუსს გამრავლების შესაძლებლობას უთრგუნავს. ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც კორონავირუსს გამრავლების მექანიზმი უნდა შეუწყვიტოს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ყველაზე დიდი იმედი, კოპანია „გილიადის“ ამ წამალზე არის მიპყრობილი. რამოდენიმე დღის წინ, ამ პრეპარატზე პირველი კვლევა (დაკვირვებითი და აღწერილობითი ტიპის) 54 მძიმე, რეანიმაციაში მყოფ ადამიანზე გამოქვეყნდა. დამაიმედებელი არის ის, რომ რემდესივირის გამოყენების შემდგომ თითქმის 77-% გამოჯანმრთელდა, 13-% გარდაიცვალა. აპრილის ბოლოსკენ უკვე პირველი სტატიები უნდა წამოვიდეს, ეს წამალი მუშაობს თუ არ მუშაობს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
მისივე განცხადებით, დღეს იმდენად მაღალია ბუმი ამ სამედიცინო საშუალებების კვლევა-ძიების, რომ სამეცნიერო კვლევების რაოდენობა, რომელიც ჩაშვებულია კვლევის პროცესში თითქმის 400-მდეა. აქედან 50-ზე მეტი არის რანდომიზებული კვლევა. თუ ეს ობიექტური კვლევები არ დაგროვდა, ეს პროცესი წინ ვერ წავა.
საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.