"ბანკი ქართუს" წარმომადგენელმა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მისი განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბანკის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკის საგნების დიდი უმრავლესობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში უკანონოდ გადაეცა. ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადაეცათ.