უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხუთი მუხლით აღძრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება ყოფილი პრეზიდენტის არამართლზომიერ ქმედებებს უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას. საქმე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე აღიძრა.

აღნიშნულ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის განკარგულებები მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე კონსტიტუციის ნორმებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მოსამართლეები არა უზენაეს სასამართლოში, არამედ საკასაციო სასამართლოებში დაინიშნენ, რომელთა არაკონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დააზუსტეს, თუ რა მუხლებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: უფლებამოსილების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, აგრეთვე ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლას ან დამხობას ან სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.