როგორ აპირებს სახელმწიფო და საპატრიარქო სააღდგომოდ სასაფლაოებზე ხალხის ნაკადის შეჩერებას

როგორ აპირებს სახელმწიფო და საპატრიარქო სააღდგომოდ სასაფლაოებზე ხალხის ნაკადის შეჩერებას

აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. კორონავირუსის პანდემიის გამო კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ღონისძიებები მოქმედებს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა რეგულაციების მიღება შეუძლია სახელმწიფოს ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სასაფლაოზე მოსახლეობის დიდი ნაკადის თავიდან ასაცილებლად.

„აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს, იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება“, – მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განგვიცხადა

„როგორც თქვენ იცით, საკოორდინაციო საბჭო და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს ეყრდნობა.

ასევე იმ გათვლებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რეალობის გათვალისწინებით გვქონდეს. ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება. ყველა გადაწყვეტილება, რაც გვექნება ვირუსის გათალისწინებით იმ რეალობას დაეყრდნობა, რაც იქნება და ასევე მედიკოსების რეკომენდაციებს,“ – განმარტა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ცნობილი ჯერ არაფერია.

„თუ მისცემს ეკლესია საზოგადოებას რაიმე რეკომენდაციას, ან განცხადებას გააკეთებს ყველას გეცოდნებათ. წინასწარ ჯერ არაფერი ვიცით. ვერაფერს გეტყვით,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ანდრია ჯაღმაძიემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევა დადასტურებულია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.