ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ვიცე-ადმირალი ალი შამხანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი.

ალი შამხანის თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების დაბლოკვა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფასია.

„სანქციების დაწესება სამედიცინო აღჭურვილობაზე უკანონო და არაადამიანური ნაბიჯია, რაც ირანელი ხალხის მიმართ ტრამპის მტრულ განწყობებს გამოხატავს. აშშ-ის წინააღმდეგობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ირანს აუცილებელი აღჭურვილობა გადაცეს კორონავირუსთან საბრძოლველად, სხვა არაფერია თუ არა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი“, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 60 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 600 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.