ინდოეთში მატარებლები ჰოსპიტლებად გადაკეთდა

ინდოეთში მატარებლები ჰოსპიტლებად გადაკეთდა

167-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ინდოეთის რკინიგზამ მუშაობა შეაჩერა, მატარებლები კი ჰოსპიტლებად გადაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მატარებლებში 125 ჰოსპიტალი მოეწყო, სადაც საიზოლაციო სივრცეებად 20 000 ვაგონი გადაკეთდა. თითოეულ ვაგონში 16 პაციენტისთვის განკუთვნილი ე.წ. ბოქსები, მედდების ოთახი, ექიმის კაბინეტი და ერთი სასაწყობე ოთახი მოეწყო.

საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების თანახმად, ინდოეთში ყოველ 2000 ადამიანზე 1 ჰოსპიტალური საწოლი მოდის, ხოლო საწოლების ხელმისაწვდომობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 4 314 შემთხვევაა დაფიქსირებული. 118 ადამიანი გარდაიცვალა, 328 კი განიკურნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.