ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ პიკთან მიახლოებას

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ პიკთან მიახლოებას

ჩვენ ამ ეტაპზე სწორედაც რომ ვიწყებთ პიკთან მიახლოებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პიკი 5 აპრილისთვის იყო მოსალოდნელი.

„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან კვლავ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.

საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.