სოფელი იტალიაში, რომელშიც დღემდე კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა იმ დროს, როდესაც კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ მთელი იტალია მოიცვა, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი ლომბარდია, ერთი პატარა სოფელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თითქმის ყველასთვის უცნობი იყო, საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე ამ სოფლის არცერთი მოსახლე (1,110 ადამიანი) ვირუსით არ დაავადებულა. „ვფიქრობ ანტისხეულები გვაქვს“, - ამბობს სოფელ ფერერა-არბონიონეში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი, - დავდივართ ქუჩებში, ვსეირნობთ. არ ვიცი სხვაგვარად როგორ ავხსნა“.
ფერერა-არბონიონეს მკვიდრთა საშუალო ასაკი სამოც წელს აღწევს. სოფელი ლომბარდიის დედაქალაქ მილანიდან, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა, დაახლოებით ორმოცდაათი კილომეტრითაა დაშორებული. ცნობისთვის, ხსენებულ რეგიონში კორონავირუსით უკვე შვიდი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ორმოცი ათასზე მეტს კი კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს.
ამ უცნაურმა მოვლენამ მეცნიერთა ყურადღებაც მიიპყრო. ნევროლოგიის ინსტიტუტის, „მონდინო დი ფაბიას“, თანამშრომლები ამ სოფლის მკვიდრთა გამოკვლევით დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს გაიგონ, ხომ არ ატარებენ სისხლში ფერერა-არბონიონეს მაცხოვრებლები სპეციალურ ანტისხეულს, რომელსაც მათი დაცვა შეუძლია.
სოფლის თავკაცმა ჯოვანი ფასინამ განაცხადა: „ეს კვლევა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით სიმპტომების გარეშე და შეიძლება ეს გახდეს ანტისხეულების შეფასების საშუალება, რასაც მომავალი კვლევებისას დაეყრდნობიან“.